საჯარო ლექციები 2013

11.12.2013 - კორპორაციის ქონების განაწილება - საკორპორაციო და საგადასახადო საკითხები
 
ლექციის ფარგლებში, ძირითადად, განხილული იქნა კორპორაციის ქონების განაწილების საკორპორაციო-სამართლებრივი საკითხები, როგორც დივიდენდის განაწილების, ასევე სხვა ფორმით. ლექციაზე ყურადღება გამახვილდა ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კომპეტენციათა განაწილებაზე კორპორაციის ორგანებს შორის. ასევე ქონების განაწილებისადმი დადგენილი შეზღუდვების დარღვევით გამოწვეულ ხელმძღვანელთა და აქციონერთა/პარტნიორთა პასუხისმგებლობის საკითხებს.
 
აგრეთვე მიმოხილულ იქნა დივიდენდის ფორმები (წლიური, საავანსო და შუალედური დივიდენდი) და დივიდენდის განაწილების მიმართ კორპორაციული და საგადასახადო სამართლის შეუთანხმებელი მიდგომები.
 
მომხსენებლები:  
 
გიორგი ჯუღელი, სამართლის დოქტორი, კომერციული სამართლის ექსპერტი, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP)
 
 
ლევან ნადარაია, საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტის მენეჯერი საკონსულტაციო კომპანია „ალექსანდრე“
 
 
05.12.2013 - საჯარო წესრიგი, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ მის ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი
 
საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები რომლებიც ნებაყოფლობით არ სრულდება საჭიროებენ სასამართლოს მიერ ცნობასა და აღსრულებას. ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის, ისევე, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების გაუქმების ყველაზე ხშირად წამოწეული საფუძველი არის შემთხვევა, როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. საჯარო წესრიგის ერთიანი დეფინიცია არ არსებობს, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია სასამართლოების მიერ ამ საფუძვლის გამოყენებისას სწორი ბალანსი იქნას დაცული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საბოლოობის და არბიტრაჟის ფუნდამენტური სამართლიანობის ღირებულებებს შორის.
 
ლექციაზე მოხდა „საჯარო წესრიგის“ საფუძვლის ქართული კონტექსტის შეფასება საქართველოს სასამართლოების არსებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით. დისკუსია ეფუძნებოდა მომხსენებლის სტატიას „საჯარო წესრიგი“ როგორც საარბიტრაჟო გადაწყვტილების გაუქმების, თუ მის ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი (ქართული პრაქტიკის მოკლე მიმოხილვა)“, რომელიც მიმოიხილავს საჯარო წესრიგის ცნებას, სახეობებს და ამ ცნების არბიტრაჟში შემოღების ისტორიულ კონტექსტს, შემდგომ კი აანალიზებს ქართულ პრაქტიკას საჯარო წესრიგის გამოყენების სამი მიმართულებით: როდესაც საარბიტრაჟო გადაწვყეტილება არ მოიცავს სამოტივაციო ნაწილს, როდესაც სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი და მეტად აქტუალური „შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოების“ შემთხვევებს.
 
მომხსენებელი: სოფიო ტყემალაძე, ADR მრჩეველი, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP)
 

 

18.06.2013 - ზედდება (გადაფარვა) - დანაშაული თუ სასჯელი

ლექცია მიეძღვნა მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ხელის შემშლელ გარემოებას - საკადასტრო მონაცემების ზედდებას უკვე რეგისტრირებულ მონაცემებთან.

საქართველოში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობა ძირითადად უკავშირდება 1990-იან წლებში განხორციელებულ მიწის რეფორმას, რის საფუძველზეც მოხდა სახელმწიფო მიწების გადაცემა ქვეყნის მოქალაქეებზე, ლექცია შეეხო ამ რეფორმის განხორციელების მომდინარეობებს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს, კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებდა ამ პროცესს, პრაქტიკაში წარმოქმნილ პრობლემას, მათ წინააღმდეგ (ძირითადად მოჩვენებით) ბრძოლას, სახელმწიფო ბიუროკრატიის როლს რეფორმის წარუმატებლად და არასწორად ჩატარებაში.

ყოველივე ზემოთთქმული განხილულ იქნა მიწის რეგისტრაციის უმნიშვნელოვანესი პრობლემის - ზედდების (გადაფარვა) კონტექსტში, შესაბამისად ლექცია ასევე შეეხო ზედდებას რეგისტრირებულ მონაცემებთან, განხილული იქნა ზედდების არსი, მისი წარმოშობის მიზეზები, მიწის რეფორმის ხარვეზების როლი ზედდების არსებობაში, დღევანდელი მდგომარეობა და პრაქტიკა და მცირედი რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისათვის.

მომხსენებელი: იაგო ხვიჩია, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი; 2013 წლამდე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი

დამატებითი ინფორმაცია: პრეზენტაცია

 

11.04.2013 - კორპორაციების შესყიდვა და შერწყმა: ქართული ბიზნეს პრაქტიკა

კორპორაციული შერწყმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრანზაქციაა. მიუხედავად ამისა, საქართველოში კორპორაციული შერწყმის მეტად მწირი პრაქტიკაა. შესაბამისად, საქართველოში განხორციელებული კორპორაციული შერწყმის ტრანსაქციათა მცირე რაოდენობიდან აღებული მაგალითების განხილვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
17 აპრილს, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექცია ეძღვნებოდა უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებული ყველაზე მსხვილი კორპორაციული შერწყმის ანალიზს. განხილულ იქნა ტრანზაქციის სამეწარმეო, სახელშეკრულებო და საგადასახადო სამართლის ასპექტები.
 
მომხსენებელი: ავთო ნამიჩეიშვილი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე იურიდულ საკითხებში
 
დამატებითი ინფორმაცია: პრეზენტაცია

 

31.01.2013 - საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერების ქსელების გაფართოებული ურთიერთჩართვის რეგულირების სამართლებრივი ასპექტები

საქართველოში ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინტერნეტ პროვაიდერების ქსელების ურთიერთჩართვას (ე.წ. "გაფართოებული ურთიერთჩართვა"), ვინაიდან იგი პირდაპირ კავშირშია მომხმარებლების მიერ ინტერნეტ მომსახურების ხარისხიან მიღებასა და ქართული ინტერნეტ "კონტენტის" განვითარებასთან. სწორედ გაფართოებული ურთიერთჩართვის პირობებზეა დამოკიდებული ერთი ინტერნეტ პროვაიდერის მომხმარებელი რამდენად ეფექტურად უკავშირდება და მოიხმარს მეორე ინტერნეტ პროვაიდერის ქსელში განთავსებულ ინტერნეტ რესურსებს (მაგალითად, ინტერნეტ-გვერდს სადაც განთავსებულია სხვადასხვა სახის აუდიო-ვიზუალური კონტენტი). გაფართოებული ურთიერთჩართვა კონტენტის მწარმოებლისთვისაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ ინტერესებშია ინტერნეტში განთავსებულ საკუთარ კონტენტზე, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიუწვდებოდეს შეუფერხებლად ხელი მიუხედავად იმისა, რომელი ინტერნეტ პროვაიდერის ქსელშია ჩართული ასეთი მომხმარებელი.

ლექციის ფარგლებში განხილული იქნა გაფართოებული ურთიერთჩართვის რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები. მომხსენებელმა წარმოადგინა შესაბამისი საკანონმდებლო აქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების, საქართველოს სასამართლოებისა გადაწყვეტილებების ანალიზი და მონაწილეებს გააცნობს გაფართოებული ურთიერთჩართვის რეგულირების მიმდინარე გამოწვევები.

მომხსენებელი: დავით კაპანაძე, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის აკადემიური თანადირექტორი; პარტნიორი LPA - Legal Partners Associated