სიახლეები

02.03.2017
რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) ექსპერტთა (იურისტი და ეკონომისტი) შესარჩევი კონკურსი

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი, USAID-ისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში აცხადებს ექსპერტთა (იურისტი და ეკონომისტი) შესარჩევ კონკურსს რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სახელმძღვანელო პრინციპების (გაიდლაინების) შემუშავებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის შესაბამისი ტრენინგის ჩატარების მიზნით.

პროექტის მოკლე აღწერა

რეგულაციების გავლენის შეფასება (RIA) თანმიმდევრული ანალიტიკური მეთოდის (როგორიცაა ღირებულებისა და ეფექტურობის ანალიზი (benefit/cost analysis) გამოყენებით ხელს უწყობს საკანონმდებლო წინადადებების მოსალოდნელი შედეგების სისტემატიზირებულ იდენტიფიცირებასა და შეფასების პროცესის უზრუნველყოფას. აღნიშნული მეთოდის საშუალებით ხდება მნიშვნელოვანი რეგულაციური ამოცანების განსაზღვრა და ყველა იმ პოლიტიკური ინტერვენციის იდენტიფიცირება, რის საშუალებითაც საბოლოოდ დასახული ამოცანების მიღწევა იქნება შესაძლებელი. ხსენებული „შესაძლებელი ალტერნატივები“ უნდა შეფასდეს ერთი და იგივე მეთოდის გამოყენებით, რაც საბოლოოდ გადაწყვეტილების მიმღებ რგოლს მიაწვდის ინფორმაციას სხვადასხვა შესაძლებლობების ეფექტურობისა და ქმედითობის შესახებ (OECD).

აღნიშნული მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი იქნება კანონშემოქმედებითობის პროცესის ხარისხის გაუმჯობესება, რეგულაციების სამომავლო გავლენის იდენტიფიცირება, მხარების მიერ ინიცირებული წინადადებების ლობირებისა და ადვოკატირების პროცესის ეფექტური წარმართვა და რაც მთავარია, საქართველოს პარლამენტის მხრიდან, კანონის მიღების დროს, ინფორმაციაზე დაფუძნებული  გადაწყვეტილების მიღება.

პროექტის მიზანი

ექსპერტების (იურისტი და ეკონომისტი) ამოცანა იქნება:

რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) გაიდლაინების შემუშავება (1);

კანონშემოქმედებით პროცესში ჩართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციებისთვის პრაქტიკული შესავალი კურსის შეთავაზება, რაც მოიცავს შესაბამის მეთოდოლოგიასა და პროცედურებს (2);

პროცესში ჩართული ორგანიზაციების საჭიროებებიდან გამომდინარე, ტრენინგის სამოქმედო გეგმის შემუშავება და ჩატარება (3);

მომზადებული საკანონმდებლო შეთავაზებების რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) მეთოდოლოგიის საფუძველზე შეფასება (4).

იურისტ-ექსპერტი

იურისტ-ექსპერტის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადვოკატებს, იურისტებს, იურიდიული ფაკულტეტებისა და სამართლის სკოლების პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა დარგის პროფესიონალებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სფეროში.

ეკონომისტ-ექსპერტი

ეკონომისტ-ექსპერტის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეკონომისტებს, ეკონომიკური ფაკულტეტებისა და ეკონომიკის სკოლების პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა დარგის პროფესიონალებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სფეროში.

იურისტ-ექსპერტისა და ეკონომისტ-ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  1. შესაბამის სფეროში მაგისტრის აკადემიური ხარისხი (დასავლეთ ევროპისა და აშშ-ს უნივერსიტეტებში მიღებულ მაგისტრის ხარისხს მიენიჭება უპირატესობა);
  2. რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) იმპლემენტაციების კონცეფციების, პრაქტიკისა და მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა;
  3. რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის მოდელების შესახებ სიღრმისეული ცოდნა;
  4. აკადემიური კურსების გაძღოლისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
  5. ძლიერი წერითი/ზეპირი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები;
  6. ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

იურისტ-ექსპერტი და ეკონომისტ-ექსპერტი შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილ საბუთებზე დაყრდნობით, მეორე ეტაპი კი გასაუბრებას.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურისის პირველ ეტაპზე ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV).

ექსპერტთა კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მისამართზე n.gelashvili@freeuni.edu.ge, 2017 წლის 24 მარტის ჩათვლით. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ:

  • „რეგულაციების გავლენის შეფასება (RIA) - იურისტ-ექსპერტი“ ან
  • „რეგულაციების გავლენის შეფასება (RIA) - ეკონომისტ-ექსპერტი“.

საკონტაქტო პირი:

ნინო გელაშვილი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული დირექტორი

ტელ: (+995 595) 05 85 06