სიახლეები

26.04.2018
კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრი

კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრს 2018 წლის 11-14 აპრილს მასპინძლობდა ჰოლანდია, მაასტრიხტის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. შეჯიბრზე წარმოდგენილი იყო 22 გუნდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან (ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებიდან).

საქართველოდან შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა შიდა ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებული თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ლიკა კაპანაძისა და თეიმურაზ სვანაძის შემადგენლობით. გუნდის მწვრთნელი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ქეთევან კობახიძე.

უშუალოდ შეჯიბრამდე გუნდებს  შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ ამერიკელი და ევროპელი პროფესორების მიერ ჩატარებულ ორ სხვადასხვა ტრენინგს ადვოკატისა და კლიენტის ეფექტური კომუნიკაციისა და მათ შორის შესასრულებელი სამუშაოს განაწილების თაობაზე.

გუნდმა ჩაატარა ორი შეჯიბრი, რომელშიც გამოავლინა მაღალი პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევები. მათ დაიმსახურეს შემფასებლებისა და  კლიენტის როლის შემსრულებლის მაღალი შეფასება, მიიღეს დეტალური უკუკავშირი და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რაც უდავოდ დაეხმარებათ შემდგომი სწავლისა და პროფესიული საქმიანობის პროცესში.

შეჯიბრი ერთიანობაში საინტერესო და შედეგიანი იყო სტუდენტებისთვის ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევების შემდგომი სრულყოფის თვალსაზრისით. მათ, ასევე შესაძლებლობა მიეცათ წარმოეჩინათ საკუთარი თავი და ქვეყანა, გაეცნოთ მრავალი ქვეყნის სამართლებრივი ტრადიცია, კულტურა და წეს-ჩვეულებები, დაემყარებინათ მნიშვნელოვანი კონტაქტები.

ვიზიტი დაფინანსებული იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის (USAID/PROLoG) მიერ.