სიახლეები

08.05.2018
სტუდენტური შეჯიბრი სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში

სტუდენტური შეჯიბრი სისხლის სამართლის პროცესში
ადვოკატირების უნარ-ჩვევებში

 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი აცხადებს გუნდების რეგისტრაციას სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევების ყოველწლიურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

შეჯიბრის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამა “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG).  

შეჯიბრი შედგება შემდეგი ორი კომპონენტებისგან:

 

ტრენინგი

ტრენინგი ემსახურება სტუდენტებისა და მათი მწვრთნელების შეჯიბრისთვის მომზადებას. მისი მიზანია სტუდენტებს გააცნოს სისხლის სამართლის სასამართლო პროცესისთვის ადვოკატის აუცილებელი უნარ-ჩვევების ძირითადი საკითხები. ტრენინგზე გამოყენებული სასწავლო მეთოდოლოგია მოიცავს, როგორც მოკლე სალექციო, ასევე სადემონსტრაციო (პრაქტიკულ) ნაწილს. (ტრენინგში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება გუნდის შეჯიბრიდან დისკვალიფიკაცია).

ტრენინგის სამუშაო ენა - ქართული.

ტრენინგი ჩატარდება 2018 წლის 26-27 მაისს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

 

იმიტირებული სასამართლო პროცესი

იმიტირებულ სასამართლო პროცესზე განსახილველი საქმე (კაზუსი) და შეჯიბრის წესები მონაწილე გუნდებს დაეგზავნებათ ტრენინგის დასრულების შემდეგ, იმიტირებულ პროცესამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე. აღნიშნული მოიცავს, სასამართლო პროცესების ინსცენირებას, რა დროსაც გუნდები წარმოადგენენ ბრალდებისა და დაცვის მხარეს.

შეჯიბრის მონაწილეები და გამარჯვებული გუნდის წევრები მიიღებენ სერთიფიკატებსა და წამახალისებელ პრიზებს.

იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართება 2018 წლის 23-24 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

 

გუნდების რეგისტრაცია

თითოეული უნივერსიტეტიდან შეიძლება წარმოდგენილი იქნეს მხოლოდ ერთი გუნდი, რომელიც შედგება 5 ძირითადი და 1 სათადარიგო მონაწილისგან. გუნდების დაკომპლექტება დამოკიდებულია უნივერსიტეტის შიდა წესებზე.

კანდიდატები უნდა იყვნენ სამართლის სკოლის ბაკალავრიატის III-IV კურსის სტუდენტები (არც შეჯიბრზე და არც ტრენინგზე არ დაიშვებიან ის სტუდენტები, რომლებსაც წინა წლებში მიღებული ჰქონდათ მონაწილეობა ანალოგიურ შეჯიბრში. აღნიშნული პირობის დარღვევა იწვევს გუნდის დისკვალიფიკაციას).

გუნდების რეგისტრაციისთვის აუცილებელია გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე და ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა შეავსოთ 2018 წლის 22 მაისის 18:00 საათამდე.

შეჯიბრში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 8 გუნდს, რაც გულისხმობს, რომ რეგისტრაციის ვადა არის საორიენტაციო და შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ ის გუნდები, რომლებიც უფრო ადრე დარეგისტრირდებიან.  

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ირაკლი გვარამაძეს ნომერზე 577 283481 ან ელ. ფოსტაზე: i.gvaramadze@freeuni.edu.ge