სიახლეები

29.05.2018
ტრენინგი სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში

ტრენინგი სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში

2018 წლის 26-27 მაისს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში. აღნიშნული ტრენინგი არის მოსამზადებელი ეტაპი შეჯიბრისთვის, რომელიც მიმდინარე წლის 23-24 ივნისს გაიმართება საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ტრენინგში მონაწილეობდნენ შემდეგი უნივერსიტეტების გუნდები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბათუმი).

ტრენერებმა, ქეთევან ჩომახაშვილმა და გირშელ ძებნიაურმა მონაწილე გუნდებს წარუდგინეს პრეზენტაციები, რომლებიც ეხებოდა სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. ტრენინგზე გამოყენებული სასწავლო მეთოდოლოგია მოიცავდა, როგორც მოკლე სალექციო, ასევე სადემონსტრაციო (პრაქტიკულ) ნაწილს. პირველი დღის ბოლოს ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც მონაწილე გუნდები დაწყვილდნენ და გაინაწილეს დაცვის და ბრალდების მხარეები. ტრენინგის მეორე დღეს გუნდებმა მოახდინეს    სასამართლო პროცესის იმიტაცია და ტრენერებისგან მიიღეს ვრცელი შეფასებები გამოვლენილ უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით.

შეჯიბრი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ ხელშეწყობით ხორციელდება.