სიახლეები

24.01.2019
ყოველწლიური შეჯიბრი
კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში

ყოველწლიური შეჯიბრი

კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში

 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი აცხადებს გუნდების რეგისტრაციას კლიენტთა კონსულტირების ყოველწლიური შეჯიბრის ეროვნულ რაუნდებში მონაწილეობის მისაღებად.

 

შეჯიბრის ორგანიზებასა და ადმინისტრირებას ახორციელებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.

 

შეჯიბრის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამაკანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG).  

 

ზოგადი ინფორმაცია შეჯიბრის შესახებ

შეჯიბრის მიზნებია: 1) სტუდენტებისთვის კლიენტთა კონსულტირების მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, რომელიც ადვოკატის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია და 2) სტუდენტებისთვის შესაბამისი საბაზისო ცოდნის მიცემა და ამ უნარების დახვეწის შესაძლებლობა.

 

კლიენტთა კონსულტირების შეჯიბრი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

 

ტრენინგი (სამუშაო ენა: ინგლისური/ქართული)

ტრენინგი ემსახურება სტუდენტებისა და მათი მწვრთნელების შეჯიბრისთვის მომზადების მიზანს. ტრენინგი ჩატარდება ლექციებისა და უნარ-ჩვევების დემონსტრირების ფონზე. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ კლიენტთა კონსულტირების სიმულაციურ სესიებში და მოისმინონ ექსპერტების შეფასება.  

 

ტრენინგი ჩატარდება 2019 წლის 9-10 თებერვალს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

 

ტრენინგის შემდეგ მონაწილეები გადაინაცვლებენ შეჯიბრის ეტაპზე.


 

შეჯიბრი (სამუშაო ენა: ინგლისური)

შეჯიბრზე თითოეული გუნდი შეასრულებს ადვოკატის როლს სიმულირებულ იურიდიულ ფირმაში. გუნდებს აქვთ 45 წუთი, რათა შეხვდნენ ახალ კლიენტს, გამოარკვიონ კლიენტის პრობლემა, მისცენ რჩევა, გაუწიონ კონსულტაცია და ჩაებან კონსულტაციის შემდგომ დისკუსიაში.  შესაბამის უნარ-ჩვევათა ეფექტურობა შეფასდება მოსამართლეების მიერ. გამარჯვეული გუნდი დასახელდება ეროვნულ ჩემპიონად. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება გაემგზავროს კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრზე (შეჯიბრის ორგანიზატორი არ უზრუნველყოფს ეროვნულ რაუნდში გამარჯვებული გუნდის საერთაშორისო შეჯიბრზე გამგზავრებას. აღნიშნული გამარჯვებული გუნდის პასუხისმგებლობაა).

 

შეჯიბრი ჩატარდება 2019 წლის 23-24 თებერვალს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

 

გუნდების რეგისტრაცია

 

თითოეული უნივერსიტეტიდან შეიძლება წარმოდგენილ იქნეს მხოლოდ 1 გუნდი, რომელიც შედგება 2 ძირითადი და 1 სათადარიგო მონაწილისგან.

 

კანდიდატები უნდა იყვნენ სამართლის სკოლის ბაკალავრიატის (III-IV კურსის) ან მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას. შეჯიბრში მონაწილეობა არ შეუძლიათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ როგორც იურისტები და/ან ეწევიან საკონსულტაციო საქმიანობას ან აქვთ საადვოკატო პრაქტიკა. თითოეული გუნდი უნდა დაკომპლექტდეს შეჯიბრის წესების სრული დაცვით და ამ პროცესზე პასუხისმგებლობა ეკისრება გუნდის წარმდგენ უნივერსიტეტს. აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს გუნდის დისკვალიფიკაციას. არც შეჯიბრზე და არც ტრენინგზე არ დაიშვებიან ის სტუდენტები, რომლებსაც ანალოგიურ ტრენინგში გასულ წლებში ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა.

 

გუნდებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა 2019 წლის 7 თებერვლის ჩათვლით.

 

შეჯიბრში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს რვას, რაც გულისხმობს, რომ რეგისტრაციის ვადა არის საორიენტაციო და შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ ის გუნდები, რომლებიც უფრო ადრე დარეგისტრირდებიან.  

 

იხილეთ შეჯიბრის წესები

 

ინფორმაცია საერთაშორისო რაუნდებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.brownmosten.com

 

 

საკონტაქტო პირი: ირაკლი გვარამაძე, i.gvaramadze@freeuni.edu.ge