სიახლეები

30.11.2011
პროფესორ მაიკლ შვარცის მიერ სამართლის სწავლების ინოვაციური მეთოდები სანიმუშოდ აღიარეს

თავისუფალი უნივერსიტეტის გრძელვადიანი პარტნიორის, უოშბორნის უივერსიტეტის (კანზასი, აშშ) სამართლის სკოლის პროფესორი მაიკლ შვარცი და მისი სასწავლო კურსები (კონტრაქტები I და II), Educating Tomorrow's Lawyers initiative (ETL)-ის მიერ სამართლის ინოვაციური სწავლების სანიმუშო მოდელად დასახელდა.

პროფესორი შვარცი 20 წელზე მეტია სამართალს ასწავლის. მისი კურსი `კონტრაქტები` ერთი შეხედვით ტრადიციულია შინაარსის თვალსაზრისით, თუმცა ყველა საკითხი განიხილება იურიდიულ პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების ჭრილში, რომელიც სტუდენტმა თავად უნდა გადაჭრას მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე. ეს საშუალებას აძლევს სტუდენტს გააანალიზოს ის სამართლებრივი პრობლემები, რაც პოტენციურ კლიენტს შეიძლება ჰქონდეს.

Educating Tomorrow's Lawyers initiative (ETL) დენვერის უნივერსიტეტის, ამერიკული სამართლის სისტემის განვითარების ინსტიტუტის ინიციატივაა. ETL ეყრდნობა კარნეგის მოდელის 3 ძირითად ღირებულებას - ცოდნა, პრაქტიკა და პროფესიული იდენტობა, და ცდილობს წაახალისოს და ხელი შეუწყოს ინოვაციებს სამართლის სწავლებაში, კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტების მქონე იურისტები ჩამოსაყალიბებისათვის.

პროფესორი შვარცი თავისუფალ უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნულ ცენტრს მომავალ წელს, ერთი სემესტრით ეწვევა და ინტენსიურად იმუშავებს როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის პროფესორებთან, ასევე სტუდენტებთან.